left_sabechdi

პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით ერთხმად მიიღო „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

ორგანული კანონის პროექტით, „საარჩევნო კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

ცვლილებით ასევე განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.

ასევე იხილეთ