გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონის მიღებით თანამედროვე მსოფლიომ დაინახა ახალი დამოუკიდებელი საქართველო, რომელმაც შეძლო და მიუხედავად უდიდესი წნეხისა, მიიღო კანონი, რომელიც აუცილებლად დაიცავს ჩვენს იდენტობას, სარწმუნოებას
„თანამედროვე მსოფლიომაც დაინახა ახალი დამოუკიდებელი საქართველო, რომელმაც შეძლო და მიუხედავად ასეთი უდიდესი წნეხისა და უთანასწორო ბრძოლისა, მიიღო ის ეროვნული კანონი, რომელიც აუცილებლად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას, სარწმუნოებას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ კანონის მიღებით საქართველომ უახლოეს ისტორიაში პირველად გადადგა პრაქტიკული ნაბიჯი სუვერენიტეტის გასამტკიცებლად. თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებას დაანახა, რომ არსებობს ტერიტორიულად პატარა, მაგრამ დიდი სახელმწიფოებრივი გამოცდილების მქონე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, რომ თავის თავი დაიცვას. თანამედროვე მსოფლიომაც დაინახა ახალი დამოუკიდებელი საქართველო, რომელმაც შეძლო და მიუხედავად ასეთი უდიდესი წნეხისა და უთანასწორო ბრძოლისა, მიიღო ის ეროვნული კანონი, რომელიც აუცილებლად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას, სარწმუნოებას. ქვეყანას დაიცავს იმ შავი ფულის ხარჯვისგან, რომლის გამოც უცხოეთს პრაქტიკულად აქ ჰქონდა პარალელური ხელისუფლება შექმნილი, რომელსაც აფინანსებდა შავი ფულით.
როდესაც გვეუბნებოდნენ, კანონს თუ მიიღებთ, მეორე დღიდან გექნებათ „მეორედ მოსვლა“ – ამერიკიდან სანქციები და ევროკავშირიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, დავინახეთ, რომ კანონიც მივიღეთ, დიდი ზეწოლის ფონზე, მაგრამ მეორე დღიდან არათუ სანქციები წამოვიდა, ვნახეთ ბორელის განცხადება. მან თქვა, რომ ევროკავშირი ეწინააღმდეგება ამ კანონს, თუმცა არსებობენ სახელმწიფოები ევროკავშირში, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.