left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ანაკლიის პროექტი იქნება ერთ-ერთი ძირითადი წარმმართველი ძალა საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტი განმტკიცებისათვის

“ანაკლიის პროექტი იქნება ერთ-ერთი ძირითადი წარმმართველი ძალა საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტი განმტკიცებისათვის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი განცხადებით, ჩინეთი უკვე არის დიდი მოთამაშე მსოფლიოში და ამას აღიარებს შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც.

“მარტივია, დავხედოთ რუკას – საქართველო სად მდებარეობს, რა ინტერესი აქვს ჩინეთს ამ შუადერეფანთან დაკავშირებით, რა ინტერესი აქვთ ევროკავშირს და ამერიკას. ამერიკას რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს – რომ თავისი პროდუქცია შემოიტანოს ანაკლიის პორტში და შემდეგ აქედან გაიტანოს ევროკავშირში? ეს ინტერესი მას ხომ ვერ ექნება, ის, რომ მხოლოდ ააშენოს და მერე გააქირაოს – ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ძვირი ჯდება და ათეული წლებისა საჭირო, რომ ის ამოიღო, რაც უნდა ჩადო. ეს გასაგებიც არის ჩვენთვის, რომ ამერიკას შეიძლება, არ ჰქონდეს აქ ინტერესი. ხაზარაძე როცა იყო იქ, მაშინ შევთავაზეთ, ახლაც იყო შეთავაზება, რომ ამერიკას მოეძებნა კომპანია, შემოეყვანა და გაეკეთებინა. ამას ვერ უარყოფენ, მაგრამ ინტერესი არ გამოიჩინა არავინ. ეკონომიკურად ეს გასაგებიც არის”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შუადერეფანი დიდ ხანს იქნება უალტერნატივო.

“როდესაც ჩინეთზეა საუბარი, ჩინეთს დღეს ისეთი სიტუაცია აქვს, რომ შუა დერეფანი არის უალტერნატივო დღევანდელ პირობებში და ძალიან დიდი ხანი იქნება ასე. შეიძლება, სხვა ალტერნატივები იყოს, არა მხოლოდ ყაზახეთიდან, არამედ საუბარი არის ირანზე და ავღანეთზეც, მაგრამ საქართველოზე ყველა შემთხვევაში გადის ეს გზა. გამოდის, რომ როდესაც საუბარია, რომ რუსეთის ინტერესი იყო, ჩინეთს აეშენებინა ანაკლია, ეს არის მინიმუმ უცოდინარობა ეკონომიკაში. რუსეთი კონკურენტია ამ შემთხვევაში, მას დამოუკიდებელი გზა აქვს და როგორ შეიძლება, რომ ეს გზა აწყობდეს რუსეთს. ჩინეთი დაინტერესებულია უკვე, რომ ეს დერეფანი იყო უზრუნველყოფილი და უსაფრთხო. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი კი არის საქართველო”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ