left_sabechdi

გიორგი აბაშიშვილი ანაკლიის თავდაპირველ პროექტზე: მაშინ სახელმწიფოს სთხოვდნენ, შემოვიყვანოთ ჩინური კომპანია „ჩაინა ფაუერიცო“, რაც მეტი დროშა იქნება ანაკლიაში, უკეთესი იქნებაო, ახლა გახდა ეს ჩინური დროშა პრობლემა, ფერი არ მოგვწონს?

„მაშინ სახელმწიფოს სთხოვდნენ, შემოვიყვანოთ „ჩაინა ფაუერიცო“, რაც მეტი დროშა იქნება ანაკლიაში, უფრო უკეთესი იქნებაო. ახლა გახდა ეს ჩინური დროშა პრობლემა, ფერი არ მოგვწონს?” – განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ანაკლიის პორტის თავდაპირველ ვერსიაზე საუბრისას.

აბაშიშვილის შეფასებით, სახელმწიფომ სტრატეგიულ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 51% არის სახელმწიფოსი.

„ანუ ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტური გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიღებული აქვს. კერძო პარტნიორი შემოდის 49%-ით. ანაკლიის პორტის პირველი ვერსია რაც იყო, მაშინ ეს არ იყო ჩადებული. სხვათა შორის, მაშინდელი კომპანია, და აღარ აქვს მნიშვნელობა გვარებს, ყველამ ყველაფერი იცის, მაშინ სახელმწიფოს სთხოვდა, შემოვიყვანოთ ჩინური კომპანია „ჩაინა ფაუერიცო“, რაც მეტი დროშა იქნება ანაკლიაში, უფრო უკეთესი იქნებაო. ახლა გახდა ეს ჩინური დროშა პრობლემა, ფერი არ მოგვწონს?” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მან შუა დერეფანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის კვლევაზეც ისაუბრა.

„ამ კვლევაში ნავარაუდებია, რომ 2030 წლისთვის 30%-ით გაიზრდება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა. წარმოიდგინეთ, რა რესურსზე ვლაპარაკობთ, რომელიც შუა დერეფანმა უნდა გაატაროს. ამ კვლევაში დასახელებულია, რომ ცოტა პრობლემაა ინფრასტრუქტურული ნაწილი. იქ არ არის მოხვედრილი ანაკლია და ბუნებრივია, ვერც მოხვდებოდა ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე მყოფი პროექტი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ როცა ეს კვლევა გადახალისდება, ემატება უმსხვილესი გამტარი ანაკლიის პორტი. ცალსახად ჩვენ გვაქვს უდიდესი შესაძლებლობა ფინანსურ ნაწილში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ანაკლიის პორტის პროექტი რუსეთის ინტერესებში შედიოდეს, ვინაიდან შუა დერეფანი რუსეთთან პირდაპირ კონკურენციაშია.

„როცა ამბობენ, რუსეთის ინტერესიაო, სულ მაინტერესებს, რანაირად შეიძლება, რუსეთის ინტერესი იყოს, დაკარგოს ტვირთი და საქართველოში წამოვიდეს? მსოფლიო ბანკის კვლევაშიც აღნიშნულია, რომ კვლევის მთავარი მიზანია რუსეთის ალტერნატიული გზის მაქსიმალურად მხარდაჭერა. ასევე, რამდენიმე დღის წინ სომხეთში გამართულ, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე EBRD-მა და ამერიკის USAID-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, თუ როგორ შეიძლება, შუა დერეფანს დაუჭირონ მხარი. ანუ შუა დერეფნის განვითარება პირდაპირ კონკურენციაში მოდის რუსეთთან და ანაკლიის პორტი რანაირად შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ასევე იხილეთ