left_sabechdi

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოისმინეს.

მომხსენებელმა, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ანთელავამ ცენტრის საქმიანობასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მისი  თქმით, ჩერქეზული კულტურის ცენტრს მჭიდრო კავშირი აქვს მსოფლიოს 40 ქვეყანაში მცხოვრებ 7-მილიონიანი ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან. ცენტრი ყოველწლიურად აღინიშნავს ჩერქეზთა, აფხაზთა, აბაზთა, ინგუშთა, ჩეჩენთა და სხვა კავკასიელ ხალხთა ნაციონალური მნიშვნელობის ისტორიულ თარიღებს და ეწევა აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2023 წელს გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის   ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამი მონოგრაფია. ჩატარდა ერთი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენცია კავკასიურ თემატიკაზე.  2024 წელს უკვე აღინიშნა ჩერქეზული ენისა და კულტურის, ჩერქეზული დროშისა და ჩერქეზთა გენოციდის დღე.

„უახლოეს ხანში ვგეგმავთ დავასრულოთ მუშაობა დიდი მოცულობის „ჩერქეზულ ბიბლიოგრაფიაზე“.  გამოსაცემად მოვამზადებთ მონოგრაფია-ალბომს – „ჩერქეზები და ჩერქეზეთი დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედებაში“; დავიწყებთ მუშაობას მონოგრაფიაზე – „მამაკაცური და ქალური სუბკულტურები კავკასიაში (ტრადიცია და თანამედროვეობა)“; ჩავატარებთ ახალგაზრდა კავკასიოლოგთა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას და გავმართავთ ფესტივალებს – „კავკასიური პოეზია“ და „კავკასიური იავნანა“, – განაცხადა ნუგზარ ანთელავამ.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ასევე იხილეთ