ნინო წილოსანი: მაშინ, როდესაც პარლამენტი იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ კანონმდებლობას, შენ კი გამოდიხარ საზიზღარი მოწოდებებით და ახალისებ ფაშიზმს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს
„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ ყველაფერს აკეთებ ამის ხელშეშლისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას.
„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ ყველაფერს აკეთებ ამის ხელშეშლისთვის, შემდგომ თითოეულ დეპუტატზე ახორციელებ თავდასხმას მათი ფსიქოლოგიური, ფიზიკური დაზიანების მიზნით, არ ერიდები არასრულწლოვანებს, ასაკოვნებს, არ აქცევ ყურადღებას არანაირ სტანდარტს, გამოდიხარ საზიზღარი მოწოდებით და ახალისებ ფაშიზმს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო“, – აღნიშნა წილოსანმა.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებენ, ჩართული არიან ბულინგის, შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანიებში და მათ დაუსჯელობის განცდა აქვთ. მისი თქმით, ჯაშუშობის მუხლით ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციალური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება.