left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი მედიაში, Jamnews-ში პირდაპირ კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს. ეს ადამიანი ევროკავშირისგან იღებს ხელფასს და გუშინდლის შემდეგ ყოველი დღე, როდესაც მას ფული ჩაერიცხება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს იქნება იმ 84 მოსახვედრი ტყვიის ფული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ან რომელიმე ქვეყანა ამას არ გამოეხმაურა.

„დაბადებით ქართველებმა, რომლებმაც ყველაფერი ქართული უარყვეს და უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგრებმა ის მეთოდები გადმოიღეს საქართველოში – ოჯახის წევრების და შვილების ბულინგი, ადამიანების შევიწროება, გარიყვა, რაც საქართველოსთვის უცხოა, ხოლო საიდანაც ფინანსდებიან, იქ კი ნამდვილად არის მიღებული ასეთი ტერორი. პრობლემა არის ის, რომ ამ ტერორის უკან დგანან უცხო ქვეყნები და მათი ფინანსები, რაც ხანდახან პირდაპირ იკვეთება.

როდესაც ვხედავთ, რომ ენჯეოები არიან ბულინგსა და ტერორში და ისინი ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, აშშ-ის ბიუჯეტიდან, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და დღემდე ვერ ვნახეთ რეაქცია ვერც ერთი ქვეყნის წარმომადგენლისა, რომ გამიჯნოდა მათი დაფინანსებული ენჯეოების ტერორს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებზე. რა თქმა უნდა, ეს მათი პასუხისმგებლობაა.

გუშინ იყო შემთხვევა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი მედიაში, Jamnews-ში პირდაპირ კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს. ეს ადამიანი ევროკავშირისგან იღებს ხელფასს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ან რომელიმე ქვეყანა ამას არ გამოეხმაურა. როცა აფინანსებ რადიკალებს და ექსტრემისტებს, რომლებიც კეფაში ტყვიით იმუქრებიან და ამაზე რეაქცია არ გაქვს, უკვე პასუხისმგებლობას იღებ, რომ გუშინდლის შემდეგ ყოველი დღე, როდესაც მას ფული ჩაერიცხება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს იქნება იმ 84 მოსახვედრი ტყვიის ფული. ასე რომ, კეთილი ინებოს ყველამ და ამაზე დააფიქსიროს მოსაზრება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ