left_sabechdi

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე იმსჯელა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი – „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა“ და „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ განიხილა. საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, 15-მდე შეხვედრა გაიმართა და დოკუმენტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, სამოქალაქო სექტორის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. გეგმის დამტკიცება ივნისის ბოლოს მოხდება, რაც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

„ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს 9 სახელმწიფო წარმოადგენს და აქედან მხოლოდ ორ სახელმწიფოს აქვს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი დამტკიცებული და საქართველო მესამე ქვეყანა იქნება, რომელიც ამ დოკუმენტს მიიღებს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ნინო ენუქიძის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია გაიზარდოს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოება, მოკლე და გრძელვადიან პერიოდში ყველა მომხმარებლისთვის სამართლიან ფასად, სხვადასხვა სახის მაღალი სახის ენერგიის უწყვეტი მიწოდებით.

„რაც შეეხება სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის დანართს, ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმას, დოკუმენტში განხილულია მიმდინარე ენერგეტიკული სისტემის საკითხები და პოლიტიკა. გეგმა 2030 წლისთვის ქვეყნისთვის ენერგეტიკული პოლიტიკის მისაღწევ მიზნებს ეფუძნება და იგი ასევე მოიცავს  2050 წლამდე ხედვებს“,  – განაცხადა მომხსენებელმა.

სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, ენერგო უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰიდრორესურსებით საქართველო მდიდარ სახელმწიფოს წარმოადგენს.

„ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვის გათვალისწინებით, ჰიდროსადგურების აშენების შესაძლებლობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტიც ჰქონდეს და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტებიც დავიცვათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სხდომაზე „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიში“ მოისმინეს. ინფორმაცია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა წარადგინა, რომელმაც სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა და ყურადღება უწყების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.

მისი თქმით,  სამსახურის ცნობადობის ამაღლების შემდეგ მომართვიანობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და  2023 წელს 10 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შესაბამისი კონსულტაციები გაეწია.

„2023 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურს სამართლებრივი დახმარებისთვის მოქალაქეები მომართავდნენ როგორც უშუალოდ სამსახურის მისაღებში, ასევე სოციალური ქსელით, სატელეფონო კავშირისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებებით. სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რიცხვი 1268-ს შეადგენს, მათ შორის 544 ახალი განცხადება/საჩივარია. დამცველის ინიციატივით  საქმისწარმოება 33 საოქმო ჩანაწერის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ძირითადად შშმ პირებისა და გადაადგილების სირთულის მქონე ხანდაზმული ადამიანების პრეტენზიებს შეეხება“, – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამსახურმა ენერგოკომპანიებში 623 რეკომენდაცია გაგზავნა, რომლის საფუძველზე მომხმარებლებს 177 ათას ლარამდე თანხა დაუკორექტირდათ.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

ასევე იხილეთ