leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ ჩიქოვანი: ბათუმში ახალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იწყება

“განხორციელდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ამავე ტერიტორიაზე იგეგმება 11-ამდე სარეკრეაციო სივრცის მშენებლობა, 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ეზოების კომუნალური სისტემის მოწყობა”,– ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.
პროექტი გარდამავალია და მომდევნო წლების განმავლობაში აქ მივიღებთ ისეთივე ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ბაგრატიონის ქუჩის გზაგამყოფი, ლეონიძის ქუჩა, გმირთა ხეივანი, ბათუმის შემოვლითი გზა, რომლის გახსნაც მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისამდე იგეგმება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ. 
წელსვე ვგეგმავთ შევისყიდოთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი გამოწვევაა ჩვენი ქალაქისათვის. 
ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წერეთლის, შავშეთისა და სევერიან აჭარელის ქუჩებს, დავიწყებთ მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობას. ეს პირდაპირ უზრუნველყოფს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას ორივე მიმართულებით და, რა თქმა უნდა, აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო გახდება საფეხმავლო გადაადგილებისათვის. 
პროექტი გამოცხადდება ე.წ. Design-build-ის მეთოდით, რაც პირველ ეტაპზე მოიცავს პროექტირებას, შემდგომ კი კონკრეტული სამუშაოების შესრულებას. ჩავთვალეთ საჭიროდ აღნიშნული პროექტი განგვეხორციელებინა, ვინაიდან შავშეთის ქუჩით ძალიან დიდი არხის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მოაწესრიგებს არამხოლოდ ამ ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიას, არამედ ზოგადად ქალაქს დაეხმარება სანიაღვრე სისტემის მართვის ნაწილში. დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია სარეაბილიტაციო სამუშაოებით, ხელახლა რომ არ განმეორებულიყო, ერთდროულად მოხდება ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის საინჟინრო კუთხით გადაბმა და გადაწყვეტა.
წყალმომარაგების კუთხით, განსაკუთრებით კი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე. KfW-ს მეხუთე ფაზის სამუშაოების პარალელურად, აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ბათუმის წყლის ჩართულობით განხორციელდება ახალი პროექტები მწვანე კონცხის დასახლებაში, რის შედეგადაც მოხდება მწვანე კონცხისა და ნაწილობრივ მახინჯაურის დასახლების სრული წყალმომარაგება. ახალი რეზერვუარების მშენებლობა ასევე დაიწყება ავგია-ახალსოფლის მიმართულებით.
ამავდროულად იგეგმება ყოროლისთავის დამბის მშენებლობა-აღდგენა, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები და ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი წყალმომარაგებით.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფართან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ ვერ მოხდა კონკრეტული კომპანიის მიერ გეგმის წარმოდგენა რელიეფური სირთულეების გამო. ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია. მოგეხსენებათ, ჩვენი დამეგობრებული ქალაქია როსტოკი, სადაც მდებარეობს ერთ-ერთი გამორჩეული ზოოპარკი ევროპაში. ქალაქის მერის მოადგილისგან მივიღეთ კონკრეტული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ GIZ-თან თანამშრომლობით გამოიყოფა სპეციალისტი როგორც ზოოპარკის, ასევე ცხოველთა თავშესაფრისა და იპოდრომის მშენებლობის ნაწილში. დაიგეგმება სხვა სივრცეებიც, ბოტანიკურ ბაღში ჩაქვის მხრიდან გვაქვს დაახლოებით 16 ჰა-ზე მეტი ტერიტორია. ამავდროულად ვფიქრობთ პლანეტარიუმის მშენებლობის დაგეგმვასაც. ამ მასშტაბურ ოთხკომპონენტიან პროექტს საქართველოს მთავრობის რიგ სამინისტროებთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გავდივართ და უახლოეს პერიოდში გვექნება მონახაზი.
ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ზოოპარკის გაუქმებითა და გადატანით, დაახლოებით 2 ჰა-მდე ტერიტორიას შევძენთ ბათუმის ცენტრალურ პარკს. სარეკრეაციო სივრცე გაიზრდება სწორედ ამ მოცულობით. შესაძლოა საგანმანათლებლო მიმართულებით, საბავშვო ბაღის ან დაწყებითი სკოლის აშენება, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც დაეთმობა ცენტრალური პარკის სარეკრეაციო სივრცის გაზრდას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად უკვე დავიწყეთ მუშაობა აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაგავსაყრელთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს მიერ სერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოხდება ე.წ. გადამტვირთავი ტერმინალის მოწყობა შიდა ტერიტორიაზე, რითაც მოხდება იქ დაგროვილი ჭარბი ნატანის გაუვნებელყოფა და, რა თქმა უნდა, ტრანსპორტირება ცეცხლაურის ნაგავსაყრელზე. აღნიშნული სამუშაოები ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,– განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. 
ასევე იხილეთ