ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის უსაფრთხოების სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ანგარიში მოისმინა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში – სამართლებრივი შესაბამისობა და აღსრულების ეფექტიანობა.
„შრომის უსაფრთხოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით გატარდა არაერთი რეფორმა. შრომის ინსპექციის შექმნის და მისი საქმიანობის დაწყების შემდეგ საკმარისი დრო არის გასული იმისთვის, რომ შევაფასოთ თუ როგორ ხდება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში შესრულება, რა გამოწვევები არსებობს და რა არის კიდევ დარჩენილი შესასრულებელი ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინებით“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
ანგარიში სხდომაზე თემატურმა მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა წარადგინა.
წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების და შრომის ინსპექციის ყოველწლიური ანგარიშების ანალიზს, შრომის უსაფრთხოების სფეროში დაინტერესებულ პირთა წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გამოკითხვის შედეგებს.
პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2018-2023 წლებში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმაზე და რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებულ ეფექტიან ინსპექტირების სისტემაზე.
აღინიშნა, რომ უსაფრთხოების ნორმებზე საზედამხედველო უწების შექმნამ, ინსპექტირებათა რიცხოვნობის ზრდამ, ცნობიერების ამაღლების და პრევენციული სანქცირების პოლიტიკამ დასაქმებულთა უბედური შემთხვევათა რაოდენობის საგრძნობი შემცირება გამოიწვია.
სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ანგარიშში ასახული რეკომედაციები წარვუდგინოთ შესაბამის უწყებებს და ასევე გავაგრძელებთ მონიტორინგს თუ როგორ ხდება საკანონმდებლო კუთხით არსებული მექანიზმების აღსრულება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.