The Wall Street Journal: აშშ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გამოყენების უფლებას არ აძლევს
ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მა უკრაინას ნება დართო, გამოიყენოს HIMARS, GMLRS-ის მართვადი საბრძოლო მასალა და არტილერია რუსეთის ტერიტორიაზე იმ სამიზნეების წინააღმდეგ, საიდანაც რუსები თავს ესხმიან ხარკოვის ოლქს, თუმცა ეს ნებართვა არ ვრცელდება შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებზე.
აშშ-ის ახალი პოლიტიკა საშუალებას აძლევს უკრაინულ ძალებს, გამოიყენონ არტილერია და HIMARSრუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსული ძალები იყენებენ ხარკოვის ოლქზე თავდასხმისთვის.
მაგრამ, მიუხედავად პოზიციის შეცვლისა, ვაშინგტონი უკრაინას არ აძლევს უფლებას გამოიყენოს უფრო შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დასარტყმელად.
ამერიკული გაზეთი წერს, რომ ამერიკული იარაღის გამოყენების ვიწრო გეოგრაფიული დიაპაზონი ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობაა, დაეხმაროს უკრაინას უკეთესად დაიცვას თავი ხარკოვის ოლქში რუსული თავდასხმისგან, და ამავდროულად შეზღუდოს კონფლიქტის ესკალაციის რისკი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.