ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ ცინცაძის, ინიციატივით სოფელ დიღომში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან არველაძეც ესწრებოდა.
როგორც ავთანდილ ცინცაძემ ღონისძიებაზე განაცხადა, ყველა პატარა იმსახურებს ლაღ, ბედნიერ ცხოვრებას და შესაბამისად, თითოეული მათგანისთვის სათანადო პირობების შექმნა უმნიშვნელოვანესია.
„ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფელ დიღომში ჩვენი პატარა მეგობრებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გავმართეთ, რათა გაგველამაზებინა მათთვის ეს დღე. მინდა ყველას მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერი ცხოვრება და წარმატებები. არა მარტო დღევანდელი დღე, არამედ თითოეული დღე ბედნიერების და სიკეთის მომტანი უნდა იყოს მათთვის. ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი კი პატარებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაა“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
ღონისძიებაზე პატარების განწყობის შესაქმნელად ანიმატორები, ზღაპრის გმირები, დიჯეი და მხატვრები ზრუნავდნენ. სოფელ დიღომში საბავშვო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ დღესასწაულში თითოეული სტუმარი აქტიურად იყო ჩართული.