left_sabechdi

ვეტერანი ფეხბურთელები კვარაზე: როცა გაყიდიან, ნაპოლის თამაშებს აღარ ვუყურებ

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე იტალიაში ბევრს საუბრობენ. განსაკუთრებით, კონტრაქტის განახლების შესახებ წარმოქმნილი სირთულეების და პსჟ-ს ინტერესის ფონზე. ამას ისიც ემატება, რომ ნაპოლის, უდიდესი ალბათობით, ანტონიო კონტე ჩაიბარებს, რომელსაც სპეციფიკური სათამაშო სისტემა აქვს, რაც ასევე ბადებს კითხვას, რამდენად იქნება კონტეს სქემაში კვარას ადგილი.

ნაპოლის ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო ფლორო ფლორესმა, რომელსაც ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით თამაშის გამოცდილებაც აქვს, თქვა, რომ როდესაც ხვიჩას გაყიდიან, ის ნაპოლის თამაშების ყურებას შეწყვეტს.

“ის გარემარბია, ფლანგებზე თავისუფლად მოქმედებს, კონტე კი, რომელთანაც არეცოში მიმუშავია, ხშირად სინქრონულ ფეხბურთს ითხოვს. ჩემი აზრით, 3-5-2 სქემაში მას პრობლემები ექნება, მაგრამ ეს ჩემი აზრია და შეიძლება, ვცდები. ისიც უნდა ითქვას, რომ კონტე დიდი მწვრთნელია და მისი გამოცდილების მქონე მწვრთნელმა იცის, როგორ მოერგოს გარკვეულ ფეხბურთელებს, რადგან კვარას კლასში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ალბათ, ნაპოლის თამაშებს აღარ ვუყურებ, როცა ქართველს გაყიდიან. მარტო ის ღირს ბილეთის ფასად, ელეგანტური და ლამაზი სტილი აქვს. ის არის ფეხბურთელი, რომლის ყოლა ყველა მწვრთნელს სურს და არ მგონია, რომ კონტე დათანხმდეს მის გაყიდვას”.

ხვიჩას შესახებ ისაუბრა კიდევ ერთმა ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა, მიკელე პადოვანომ, რომელიც კონტეს მეგობარია – ისინი იუვენტუსში თანაგუნდელები იყვნენ. პადოვანოს აზრით, ხვიჩა კონტეს ხელმძღვანელობით საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს:

“კვარა სოაცარი ფეხბურთელია და რა თქმა უნდა, კონტეს ძალიან მოეწონება. ანტონიო მას ისე ათამაშებს, რომ ყოველთვის მეტოქეს შეუტიოს და ხშირად მოხვდეს კარის წინ”.

პარმას ყოფილი სპორტული დირექტორი და აგრეთვე, ფაბიო კანავაროს ექსაგენტი, ენრიკო ფედელე კი, ფიქრობს, რომ ხვიჩა ნაპოლიმ 100 მილიონ ევროდ აუცილებლად უნდა გაყიდოს.

“თუ 100 მილიონის შეთავაზება მართალია, დასაფიქრებლად დროც არაა საჭირო, მაშინვე უნდა დათანხმდნენ. არ არსებობენ გასაოცარი ფეხბურთელები, მთავარია, სწორად შეცვლა შეგეძლოს. იგივეს ვამბობდით, როცა ფაბიან რუისი, ოსპინა, მერტენსი, კულიბალი და ინსინიე გაუშვეს, ყველანი ვყვიროდით. და რა მოხდა? სკუდეტო მოვიგეთ”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027-წლამდე აკავშირებს და წელიწადში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში გატარებულ ორ სეზონში 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა. ის გახდა იტალიის ჩემპიონი, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ყველა ეს ჯილდო გასულ სეზონში მიიღო).

ასევე იხილეთ