მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორიენტაციას – საქართველოს აქვს ერთი გზა და ეს გზა მიდის დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ
„10 წელია საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოოს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„კანონის თემის ამგვარად დაყენება, რომ ეს კანონი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამ პროცესს, რა თქმა უნდა ართულებს ერთი მხრივ ამ საქმეს, თუმცა, თუკი ჩვენ კარგად გავიგებთ, რა არის ობიექტური საფუძველი ამ კანონის მიღების, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ ქვეყნის არა მარტო ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ქვეყნის განვითარებასსაც“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში კანონზე პოლიტიკურმა განცხადებებმა მთლიანად შთანთქა ის პროცესი, რაც პარალელურად მიმდინარეობდა 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ძალიან რთული პროცესი, იქნება სირთულეები, გვექნება მომენტები, როდესაც ევროკავშირი და საქართველო რაღაც საკითხებზე შეიძლება განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ, მაგრამ ეს არ უნდა ვაჩვენოთ ისე, რომ საქართველო და ევროკავშირი მტრებად იქცნენ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მივეჩვიოთ, ყოველ ჯერზე, როცა რაიმე უთანხმოების საკითხი იქნება, არ გავაჩინოთ მთავარი კითხვის ნიშანი და კითხვის ნიშანი არ დავუსვათ მთავარ საკითხს – საქართველოს ორიენტაციას. საქართველოს აქვს ერთი გზა და ეს გზა მიდის დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.