top_leaderboard
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი – 2024 წლის პირველი ივლისიდან მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება ვაჭრობის ნებაყოფლობით რეჟიმში

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც გულისხმობს 2024 წლის პირველი ივლისისთვის მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

აღნიშნული ინიციატივის შედეგად, შესაძლებელი იქნება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ელექტროენერგიით ვაჭრობა. შესაბამისი ინსტრუქციები და გარდამავალი მოდელის პრინციპები აისახება ბაზრის წესებსა და ვაჭრობის მარეგულირებელ სხვა დოკუმენტებში. ლევან დავითაშვილის განცხადებით, არაერთი სამუშაო შეხვედრა შედგა უამრავ მონაწილე მხარესთან, ბოლო წლების განმავლობაში იყო გარკვეული პროგრესი ე.წ. „სიმულაციის რეჟიმში“ ვაჭრობის კუთხით, დაიწყო როგორც მიმწოდებლების, ისე მომხმარებლების მომზადება  და ძალიან დიდი სამუშაო იქნა  გაწეული ელექტროენერგიის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ ამ ბირჟის ამოქმედებას – 2024 წლის პირველი ივლისიდან დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, თუმცა, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა – გაყიდვის ოპერაციები ამ ეტაპზე იქნება ნებაყოფლობითი ხასიათის. მომავალი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით ოპერაციებს, თუ როგორ წარიმართება ბირჟაზე  ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები და უფრო მეტად ვიქნებით მზად, რომ კიდევ უფრო უმტკივნეულოდ მოხდეს ელექტროენერგიის ბირჟის მოდელზე გადასვლა”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის ენერგეტიკული ბირჟის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგეტიკისთვის. მისი შეფასებით, ბევრ ქვეყანას ათწლეულები დაჭირდა ასეთ რეჟიმზე გადასასვლელად, რადგან ეს  არის ყველაზე კომპლექსური რეფორმა, რაც შეიძლება ენერგეტიკის სექტორში იყოს და ეს არ არის მხოლოდ ამ სექტორთან დაკავშირებული.

„ეს მჭიდროდ არის კავშირში მთელ რიგ, ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებთან ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, მეტალურგიასთან, მსხვილ ენერგომომხმარებლებთან და ა.შ. იმის გამო, რომ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მათ შორის, მომხმარებლებთან, საოჯახო მეურნეობებთან მიმართებაში, აქ შეიძლება გარკვეული გამოწვევა ყოფილიყო ფასების ზრდასთან დაკავშირებით, რადგან ფასების ზრდა იქნება გარდაუვალი იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე არ იქნება სათანადო კომპეტენციები ბაზრის მონაწილეებს შორის. შესაბამისად, ჩვენ ვართ ფრთხილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს საერთაშორისოდ გაცხადებული ვალდებულება ბაზრის გახსნასთან, ბირჟის ამოქმედებასთან და ზოგადად, სექტორის დერეგულირებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად ვიწყებთ ამ ბირჟის ამოქმედებას”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ასევე იხილეთ