leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას

მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა რეორგანიზაციას.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ექიმების მოსაზრებები, ამის შემდეგ გვქონდა კონსულტაციები ჯანდაცვის მინისტრთან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც თავის დროზე, თუ არ ვცდები, 2007 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი. შემდეგ ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო, პროცესების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშაოები, დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადებები სწორედ იმ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნას საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც ჰქონდათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას. ჩვენ მოვამზადებთ უახლოესი თვეების განმავლობაში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება ის, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ