Reuters: ჩინეთი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აღიარებული
ჩინეთი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო სამშვიდობო ღონისძიებების მხარდასაჭერად ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აღიარებული. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა, წერს Reuters.
„ჩინეთს არასოდეს გაუღვივებია ცეცხლი“, – განაცხადა მაო ნინგმა შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, ჩინეთი უკრაინასთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია სამშვიდობო კონფერენციასთან დაკავშირებით ძალიან „ღია და გამჭვირვალეა“.
„ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მივიღოთ ყველა მხარის გაგება და მხარდაჭერა“, – თქვა მაო ნინგმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვეიცარიაში დაგეგმილი „მშვიდობის სამიტი“ არ აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელსაც პეკინი ამ ტიპის სამიტებისთვის ადგენს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამიტში ჩინეთმა მონაწილეობა მიიღოს.
მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი და ჩინეთი ივნისის შუა რიცხვებში შვეიცარიაში დაგეგმილი გლობალური სამშვიდობო სამიტის შელახვის მცდელობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.