არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს, ერთი-ორი წელი კიდევ დასჭირდებათ, ვიდრე ქარტიის ტექსტზე შეთანხმდებიან და ბოლოს შეიძლება, ქარტია გადააკეთონ პარტიად, არაა გამორიცხული, ასე მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში
„როგორც ჩანს, ერთი-ორი წელი კიდევ დასჭირდებათ, ვიდრე ქარტიის საბოლოო ტექსტზე შეთანხმდებიან და ბოლოს შეიძლება, ეს ქარტია გადააკეთონ პარტიად. არ არის გამორიცხული, ასე მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ცხადია, მცდელობა, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს ქარტიის ხელმომწერი, ლოგიკური და მოსალოდნელი იყო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ სხვადასხვა პარტიული ნომრებითა და ფერებით გადაფუთული „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არ იყვნენ რეალური ოპოზიციური პარტიები. მოვიდოდა დრო, როდესაც მათ დაუძახებდნენ და ისევ ერთიან ჯგუფად ჩამოაყალიბებდნენ. ამის მცდელობას ვუყურებთ ახლა.
ჩვენთვის ორივე სცენარი მისაღებია. მთავარია, რა არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში. ცხადია, ევროპული პოლიტიკური კულტურა არის ის, როდესაც მოქალაქეებს აქვთ არაერთი არჩევანი, სხვადასხვა არჩევანის გაკეთების საშუალება, როდესაც გამოკვეთილია პარტიების პროგრამებს შორის განსხვავება და ლიდერებს შორის ის იდეოლოგიური განსხვავება, რომელიც შემდეგ მოქალაქეების არჩევანს უნდა დაედოს საფუძვლად. როდესაც ამის წაშლისა და გაქრობისკენ მოუწოდებს პრეზიდენტი, მოუწოდებენ ლობისტები ოპოზიციას, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც სურს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. თუ გაერთიანდებიან, გაგვიადვილებენ საქმეს. უფრო მარტივად დავარქმევთ სახელს – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. თუ ცალ-ცალკე გამოვლენ არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, საზოგადოებას ავუხსნათ, ვინ ვინ არის და ვის რა პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ხელს ვერ მოაწერს.
თალაკვაძის თქმით, „რეალურად, გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი“.
„ეს არის შეთანხმებული რადიკალურ ოპოზიციასთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათი განცხადება, რომ ნახევრად უერთდებიან ქარტიას, ემსახურება ერთადერთს, რომ მათ არ წაართვან „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლები და იმუშაონ მხოლოდ გადაუწყვეტელ ელექტორატზე.
როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: „ერთქარტიულები“, „ნახევრადქარტიულები“ და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია. არავინ უნდა იფიქროს, რომ გახარიას პარტიას რაიმე განსხვავებული პოზიცია აქვს ქარტიასთან დაკავშირებით. ეს არის პირდაპირ შეთანხმებული პოლიტიკური ნაბიჯი“, – განაცხადა თალაკვაძემ.