აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სერტიფიცირებისა და ჯიშების გამოცდის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე იმსჯელა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს ცვლილების არსი გააცნო. მისი განმარტებით, დღეს არსებული რეგულაციით, სასოფლო – სამეურნეო კულტურათა ჯიშები, რომლებიც შეიძლება დაშვებული იქნას საქართველოში გასავრცელებლად, ეროვნულ კატალოგში შეტანამდე საჭიროებს სავალდებულო სერტიფიცირებას.
მისივე თქმით, ერთწლიანი კატეგორიის კულტურებს გამოცდისათვის დაახლოებით 2-3 წელი სჭირდება, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში, ხუთიდან ათ წლამდე პერიოდს საჭიროებს.
„ამ თვალსაზრისით ევროპული ქვეყნების გამოცდილება განსხვავებულია, ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურად არ ხდება თითოეული ჯიშის გამოცდა და მას შემდეგ, რაც გარკვეული ჯიშები გაივლის გამოცდას და კლიმატისთვის შესატყვისად და დასაშვებად ჩაითვლება, ამის საფუძველზე მეწარმე არჩევს რომელი ჯიში გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად. ვფიქრობთ, რომ იგივე პრინციპი უნდა დაინერგოს ჩვენს კანონმდებლობაშიც, ეროვნული კატალოგი დადგინდება მთავრობის მიერ და მასში შევა ის კულტურები, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის იქნება მისაღები. ამის შემდეგ მეწარმეებს მიეცემათ საშუალება, რომ მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღონ ნერგები და დანერგონ ისევე, როგორც შეუძლიათ გამოიყენონ ეროვნული ჯიშები, რომლებზეც კვლევები უკვე ჩატარებულია“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილების განხორციელებით საქართველო სრულად დაუახლოვდება იმ პრაქტიკას, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ევროპულ ქვეყნებში.
კანონპროექტით ყალიბდება ტერმინი – გასავრცელებლად დაშვებული ჯიში. ასევე, ეროვნულ კატალოგში ჯიშის შეტანა და ამოღება განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნის საფუძველზე. სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიში შეიძლება პირდაპირ იქნეს შეტანილი ეროვნულ კატალოგში.
კანონპროექტის განხილვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს.