დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.
პროექტი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა წარადგინა.
ცვლილებების პროექტი მოიცავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრებს, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, 2030 წლის 31 დეკემბრისთვის მიღწეული უნდა იყოს სამიზნე მაჩვენებელი, რომ განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკულ სექტორში იმ სტრატეგიული პარამეტრების განსაზღვრა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს, საქართველოს მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე ნაკლებ დამოკიდებულებას და ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ასევე, უზრუნველყოფს ადგილობრივი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობას და სახელმწიფო ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.