„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ანდრია ბასილაიამ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს მხარდაჭესისთვის მადლობა გადაუხადა.
„დედაქალაქში ტრანსპორტის მიმართულებით დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. გვიხარია, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სრულად გვიჭერენ მხარს. ეს ფორუმიც მათი მხარდაჭერით იმართება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა – შემოვიყვანეთ ახალი ავტობუსები, განახლდა ქუჩების დიზაინი, ახლა კი იწყება მეტროს განახლების კომპონენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობების განახლებას. ასევე,
ბევრი სხვა ტექნიკური კომპონენტია, რომელიც ამ რეფორმის ფარგლებში შედის“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ფორუმზე ყურადღება გამახვილდა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს მგზავრთა საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებასთან და მისი პოლიტიკის
ფორმულირებასთან. ღონისძიებას, მერის მოადგილესთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის
გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები დაესწრნენ.