პრემიერის ანგარიში: გრძელდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება
„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, გრძელდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება”, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინტენსიურად გრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა მიმართულებით.
„2023 წელს ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა: რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი და კახეთის მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი (ვაზიანის შემოვლითი გზა).
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე 2024 წელს გაიხსნა 9 კმ-იანი ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი გზა. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე გახსნილია 36 კმ-იანი გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალური გზის 276 კმ ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი.
•დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი;
•ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ახალი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება;
•ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კმ-ზე, ხოლო თბილისისაგარეჯოს პროექტის ფარგლებში, უკვე ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი ვაზიანის შემოვლითი გზის გარდა, პირველი ლოტის მონაკვეთზე უკვე მოწყობილია საფარი 5 კმ-ზე, ხოლო მეორე ლოტის ფარგლებში − 6 კმ-ზე (ორივე მხარეს);
•ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზაზე, 2024 წელს, გეგმით გათვალისწინებული დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად;
•დაწყებულია თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიებები, რათა შესაძლებელი იყოს 2024 წლის ბოლოს სამშენებლო ტენდერის გამოცხადება;
•ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაკვეთზე. საფარი მოწყობილია უკვე 36 კმ-ზე, გრძელდება საფარის მოწყობის სამუშაოები 14 კმ-ზე“, – საუბარია ანგარიშში.