leaderboard_below_slide
left_sabechdi

POLITICO: ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდებს, უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის პროცედურის დაწყება განიხილონ

ბელგია, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს მონაცვლეობით თავმჯდომარეობს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდებს, უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის პროცედურის დაწყება განიხილონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჯა ლაბიბიმ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით უნგრეთის მიმართ უნდობლობის პროცედურების გამოყენებას, რამაც უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს.

„[ამ რთულ პერიოდში] სამწუხაროდ, ზოგიერთი სახელმწიფო, კერძოდ ერთი სახელმწიფო, სულ უფრო მეტად იკავებს ბლოკირებისა და ვეტოს პოზიციას“, – აღნიშნა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ვფიქრობ, უნდა გვქონდეს გამბედაობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება: გავააქტიუროთ ბოლომდე მე-7 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ვეტოს დასრულებას“, – განაცხადა აჯა ლაბიბიმ.

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში გახდება, რაც ბუდაპეშტს მისცემს მეტ უფლებამოსილებას ექვსი თვის განმავლობაში დღის წესრიგისა და პრიორიტეტების დასადგენად.

„ეს ჭეშმარიტების მომენტია. ან ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, რაც მოითხოვს პოლიტიკურ გამდებაობასა და ნებისყოფას, ან ჩვენ ვქმნით მექანიზმებს, რომელიც არ მუშაობს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი“, – აღნიშნა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის სპიკერმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავარი საზრუნავი ახლა ევროკავშირის ომში ჩართვისგან დაცვაა.

ასევე იხილეთ