შალვა პაპუაშვილი: ამერიკელ ჯარისკაცებთან ავღანეთში მხარდამხარ ვიბრძოდით, ამის პასუხი თუ არის, რომ ამ ხალხს და მის ხელისუფლებას სანქციის ენით უნდა ელაპარაკო, ეს მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს
“ამერიკელ ჯარისკაცებთან ვიბრძოდით მხარდამხარ ავღანეთში. ამის პასუხი თუ არის, რომ ამ ხალხს და მის ხელისუფლებას სანქციის ენით უნდა ელაპარაკო, ეს ხომ საერთო ჯამში მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების საკითხზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პირველ ქვეით ბრიგადაში, სადაც თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა, გმირი სამხედროები გაიხსენეს.
„ვიხსენებდით მათ შორის მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში დაიღუპნენ. მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა შტაბებიდან არ გამოდიოდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე იბრძოდნენ. ნატოს წევრი, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლების წარმომადგენლებიც აქ იყვნენ და მიტინგზე გამოდიოდნენ, დღეს მჯიღს იცემენ გულში და ბრძოლისკენ იქაჩებიან. სადაც საომარი და საბრძოლო იყო, შტაბიდან არ გამოდიოდა ბევრი მათი წარმომადგენელი და საშტაბო ამოცანები ჰქონდა მაშინ, როდესაც ქართველები ვიყავით ყველაზე დიდი კონტინგენტი არაწევრი ქვეყნებიდან და წევრ ქვეყნებთან შედარებით მეორე-მესამე ქვეყანა ვიყავით ჯარისკაცების რაოდენობით. რატომ? იმიტომ, რომ ზუსტადაც რომ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ამერიკელ ჯარისკაცებთან ვიბრძოდით მხარდამხარ ავღანეთში. ამის პასუხი თუ არის, რომ ამ ხალხს და მის ხელისუფლებას სანქციის ენით უნდა ელაპარაკო, ეს საერთო ჯამში მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სანქციებში სიახლე არაფერია და მათ შორის, რუსეთი არაერთხელ ცდილობდა, სანქციებით მოეხდინა ზემოქმედება ქართველ ხალხზე.
„ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, რომ ვინმესთვის ეს სასიკეთო იყოს, რომ ასეთი ენით ესაუბრონ ქართველ ხალხს. ამაზე ფიქრიც და ამის გაჟღერებაც არის არასწორი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით და მუქარით. მეორეს მხრივ, ამას საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.