left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ომის ქარტია საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სამარცხვინო სია სამარცხვინო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ და ომში ექაჩებოდნენ

“კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ შეიყარა ის ოპოზიცია. აღარ ვიცი ამ კინოს მერამდენეჯერ ვხედავთ. თავს გვაჩვენებენ, თითქოს გაყოფილებია არიან, არადა, სათითაოდ ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც ხან დაიშლებიან და ხან შეიკრიბებიან ხოლმე იმის მიხედვით, როგორ დაულაგებენ გარედან ტაქტიკას”,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის ეს ქცევაც არ არის წამოსული რაიმე შიდა პოლიტიკური მსჯელობიდან, არამედ არის ის გეგმა, რომელიც მათ გარედან მისცეს, რომ ახლა უნდა გაერთიანდნენ და გაერთიანდებიან. კარგია, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რომ სი ფარისევლობა, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი, თითქოს იყვნენ სხვადასხვა პარტიები, დაინახა როგორ აყრიდნენ ნაცარს თვალებში შიგნიდან თუ გარედან. ხალხმა დაინახა, რომ სინამდვილეში ჩვენ გვყავს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გვყავს ის ომის პარტიები, რომლებიც ორი წელი საქართველოს ექაჩებოდნენ ომში.

ვერაფრით ვერ შეგვიყვანეს ამ ომში და ამაზე გამწარებულები არიან და ამიტომაც აქვთ ეს რეაგირება. ეს ომის ქარტია საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სამარცხვინო სია სამარცხვინო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ და ომში ექაჩებოდნენ. სერგო ორჯონიკიძეების სია, რომლებიც მზად არიან წინ შემოუძღვნენ უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ საქართველოში. ეს არის ომის ქარტია, ასე დარჩებიან ისინი ისტორიაში. როგორც დარჩა ისტორიაში შუალვერის სია, ისე დარჩება ისტორიაში ომის ქარტიის სია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ