უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები წარუდგინა.
სამუშაო ჯგუფს კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.
ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ სამუშაო ჯგუფში 15 წევრი ეყოლება, ხოლო სხვა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფებს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ თითო-თითო წევრი წარადგინონ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ იურიდიული დახმარების სამსახურისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, თუ დადგინდება, რომ ყველა დოკუმენტაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობაშია, მაშინ კომიტეტის სხდომა პარასკევს გაიმართება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყება.