გიორგი ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ რჩება
„სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ადამიანია, ვისაც „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ პარტიის ლიდერად სწორედ ის შეარჩიეს, ეს არის რეალური უტიფრობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შინაარსი არ იცვლება, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ რჩება.
„ყველაფერს აკეთებენ, რათა ქართულ საზოგადოებას დაანახონ, რომ პარტიათა რაღაც ჯგუფია, რომელიც, მართალია, ერთ საერთო სიაში არ არის, მაგრამ მოწოდებული არიან ამ კოალიციური ძალის მიერ ხელისუფლების ჩანაცვლებისთვის და იმისთვის, რომ ნაბიჯები გადადგან, რაც ქვეყნის ინტერესებსა და კონსტიტუციას არ შეესაბამება, რადგან წინაპირობაა დესტაბილიზაციის. ამას ვერ შეძლებენ, რადგან არჩევნებშიც ვერ გაიმარჯვებენ. იდეა იმის, რომ ვითომ სხვადასხვა ხასიათისა და მოწოდების გაერთიანება არიან, შალვა ნათელაშვილთან ფანჩატურში რომ შეიკრიბნენ, მაშინ გაჟღერდა. უნდათ, საერთაშორისო დონეზე სიმრავლე წარმოადგინონ. ახლა დაჩქარებულად აკეთებენ იმ ქარტიის მეშვეობით, რაც სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა. ერთადერთი ადამიანია, ვისაც „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან გამომდინარე, ამ პარტიის ლიდერად სწორედ ის შეარჩიეს. ეს არის რეალური უტიფრობა. შინაარსი არ იცვლება – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ რჩება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ამასთან, 3 ივნისს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ვალდებულებების შესრულების მიმართ იქნება ძალიან მკაცრი.