ირაკლი კობახიძე: ყველამ დაინახა, რომ ამ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, რომ აქ რევოლუციის მოწყობა არის შეუძლებელი
“ჩვენი ქვეყანა იქნება სტაბილური და შევინარჩუნებთ მშვიდობას – ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დაირღვეს ჯერ სიმშვიდე და მერე მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ ბუნებრივია, არავის მივცემთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ყველამ დაინახა, რომ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს და საქართველოში რევოლუციის მოწყობა არის შეუძლებელი.
„ქვეყნის სტაბილურობას არ აქვს არავითარი თვისებრივი გამოწვევა. ჩვენი ქვეყანა იქნება სტაბილური და შევინარჩუნებთ მშვიდობას. ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დაირღვეს ჯერ სიმშვიდე და მერე მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ ბუნებრივია, არავის მივცემთ.
რაც შეეხება ამ დროებით ტურბულენტობას, რომელიც გვქონდა ჩვენ გასული ორი თვის განმავლობაში, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის, და საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ის რესურსი, რომელიც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გაანიავეს ბევრად უფრო ადრე, გაზაფხულზე. ახალგაზრდების პროტესტი, ეს არის ინტერპრეტირება იმ ყველაფრის, რასაც სინამდვილეში ერქვა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები. აქ ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ თვითონ აქციები იყო ორგანიზებული უცხოელი აგენტების მიერ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ისინი იყვნენ ორგანიზატორები და ისინი იდგნენ ამ ყველაფრის უკან. სამწუხაროდ, ბევრი გულწრფელი ადამიანიც შეუერთდა ამ პროტესტს, თუმცა აქციები იყო ორგანიზებული კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ უცხოელი აგენტების მიერ. ყველამ დაინახა, რომ ამ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, რომ აქ რევოლუციის მოწყობა არის შეუძლებელი და ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფო უკან არ დაიხევს, არასდროს, როდესაც ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. აქედან გამომდინარე, ეს ორი თვე იყო მნიშვნელოვანი ამის ჩამოსაყალიბებლად, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სახელმწიფო არის ძლიერი და ვერავინ ვერ შეარყევს ამ სახელმწიფოს ინტერესებს, ვერავინ შემოიტანს არეულობას ამ ქვეყანაში და ვერავინ ვერ მოგვიწყობს მეორე ფრონტს საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.