ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ მხარი დაუჭირა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მის დანართს – „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“.
დოკუმენტი „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ხედვებს, პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს 2030 წლამდე. ითვალისწინებს სახელმწიფო განვითარების გრძელვადიან ხედვებსა და სტრატეგიებს ეკონომიკის უსაფრთხოების, გარემოს და კლიმატის ცვლილების და სხვა მიმართულებებით.
დოკუმენტი მეტწილად ეყრდნობა „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმას“, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2030 წლისთვის მისაღწევ მიზნებს, მათ შორის: სათბურის გაზების ემისიის შემცირებას; განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გენერაციის ზრდას; ენერგოეფექტურობის წახალისებასა და ენერგეტიკული სისტემების ურთიერთდაკავშირების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ ქვეყნებთან.