leaderboard_below_slide
left_sabechdi

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი აკრიტიკებს ისრაელს დასავლეთ სანაპიროზე 500-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის გამო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი ისრაელს აკრიტიკებს და მოუწოდებს, დასრულდეს ისრაელის შეიარაღებული ძალებისა და ახალმოსახლეების მიერ ძალადობა, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთ სანაპიროზე 500-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე იყენებს „არასაჭირო და არაპროპორციულ“ ძალას. გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისში აცხადებენ, რომ გმობენ იმ სისტემატურ უარს, რომელსაც დაშავებულთა სამედიცინო დახმარების გაწევაზე ამბობენ.

როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისში აღნიშნავენ, მათ 505 გარდაცვლილი პალესტინელის დოკუმენტირებული შემთხვევიდან 80 საქმე შეისწავლეს. „გამოვლინდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების მუდმივი დარღვევა ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ, არასაჭირო და არაპროპორციული ლეტალური ძალის გამოყენებით და მიზანმიმართული დაგეგმილი მკვლელობების მზარდი რიცხვი“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „დასავლეთ სანაპიროზე დაღუპულთა შორის არიან ქვებით ან პეტარდებით შეიარაღებული ბავშვებიც, რომლებიც სიცოცხლისთვის აშკარა გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ“.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის უსაფრთხოების ძალები ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე რეიდებს ახორციელებდნენ და მკაცრ ზომებს ატარებდნენ, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია ათასობით პირი.

„მსგავსი დანაშაულების ყოვლისმომცველი დაუსჯელობა უკვე დიდი ხანია, ჩვეულებრივი მოვლენაა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. ასეთმა დაუსჯელობამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ სულ უფრო მეტი უკანონო მკვლელობისთვის“, – განაცხადა ვოლკერ თურქმა.

ასევე იხილეთ