გოგიტა თოდრაძე: მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის ივნისში
“მოსახლეობის აღწერის პარალელურად ჩატარდება სოფლის მეურნეობის აღწერა. მეთოდოლოგია ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საკითხის ირგვლივ მონაცემების შეგროვებას”, – ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, ხოლო პირველადი შედეგები ცნობილი იქნება 2025 წლის ივნისში.
„სულ გათვალისწინებულია სამი ტიპის კითხვარი. პირველი ივსება შინამეურნეობაზე; მეორე კითხვა ივსება თითოეულ მოქალაქეზე და ის გვაძლევს შესაძლებლობას შევაგროვოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოქალაქეობის, აღმსარებლობის, დასაქმების სტატუსის და ჯანმრთელობის შესახებ; მესამე კითხვა ეთმობა სოფლის მეურნეობის აქტივობას.
2014 წლის აღწერასთან ძირითადი განსხვავება მდგომარეობა იმაში, რომ მთლიანად თანამედროვე, უახლეს ტექნოლოგიას ვიყენებთ მონაცემთა შეგროვების პროცესში. 2014 წელს მონაცემები ქაღალდის კითხვარის გამოყენებით შეგროვდა.
აღწერას საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით ექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ის პირები, რომლებიც საზღვარგარეთ დროებით იმყოფებიან. აღწერის ფარგლებში გამოიკითხებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აღწერას ასევე ექვემდებარებიან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. აღწერის პირველადი შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის ივნისში, ხოლო დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში“, – განაცხადა თოდრაძემ.