left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: 1991 და 2008 წლების შეცდომები, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ნეგატიურად აისახა საქართველოზე, ამერიკაზე, ევროკავშირზე და წაახალისა რუსეთის ოკუპაციური ბუნება

„ძალიან მძიმე საყურებელი იყო, თუ როგორ დონეზე შეიძლება, დაეცეს ღალატის აქტი. ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც იქ ცდილობდნენ ღალატის ტირაჟირებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა კონგრესში საქართველოსტან დაკავშირებით მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა კონგრესში გამართულ მოსმენაზე ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ივანე ჩხიკვაძისა და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალია საბანაძის გამოსვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენი საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ მძიმე საყურებელი იყო. მათგან ეს არ გაგვკვირვებია, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხი დგებოდა, მათგან ერთ-ერთი იყო ზუსტად ის, ვინც ანგარიშებს წერდა და ამ ანგარიშებში ცალსახად აღნიშნავდა, რომ თურმე საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და მას შემდეგ, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს ადამიანი და მისი თანამოაზრეები არ გამოსულან, ბოდიში არ მოუხდიათ ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ მათი პოზიცია იყო დეზინფორმაცია. ამის ნაცვლად ისინი დღეს უკვე ვაშინგტონში ცდილობდნენ საქართველოს დაზიანებას. მას შემდეგ, რაც ბრიუსელში საქართველო ვერ დააზიანეს ახლა ცდილობენ, რომ ვაშინგტონში იგივე გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, იქაც საბოლოო ჯამში არაფერი გამოუვათ გარდა იმისა, რომ საკუთარ მოღალატეობრივ ბუნებას ანახებენ ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ მეორე საკითხი იქნება – ისევ ისე უტიფრად გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროპაგანდის ტირაჟირებას, თუ საბოლოო ჯამში ეყოფათ იმის თავი, რომ გამოვიდნენ და აღიარონ ის შეცდომები, დანაშაულები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვთ ჩადენილი. ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან მკაცრად და მკაფიოდ შეაფასებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

დეპუტატის თქმით, დღეს აღიარებულია, რომ 1991 წლის და 2008 წლის შეცდომები, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ნეგატიურად აისახა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ამერიკაზეც, ევროკავშირზეც და ამან წაახალისა რუსეთის ოკუპაციური ბუნება.

„ჩვენი მიზანია, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებში არ იყოს დაშვებული ისეთი რამ, რაც სამწუხაროდ, ადრე გვქონია. კერძოდ, 1991 წელს, როდესაც საქართველო იყო პირველი, რომელმაც საბჭოთა ოკუპაცია დაამარცხა და დამოუკიდებლობა მოიპოვა, სამწუხაროდ, მაშინ ჩვენი ხალხის ლტოლვა თავისუფლებისკენ სათანადოდ არ იყო შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან და დაგვიანებულმა აღიარებამ აქ წაახალისა ჯერ თბილისის ომი, შემდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია. იგივე შეცდომა იყო დაშვებული 2008 წელს, როდესაც რუსეთის აგრესიის შემდეგ სათანადო და პროპორციული პასუხი არ იყო გაცემული ამ აგრესიის და ოკუპაციის გამო. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ შემდეგ წახალისდა რუსეთი უკრაინის ოკუპაციისა და თავდასხმისკენ. დღეს აღიარებულია, რომ 1991 წლის და 2008 წლის შეცდომები, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ნეგატიურად აისახა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ამერიკაზეც, ევროკავშირზეც და ამან გააძლიერა, წაახალისა რუსეთის ოკუპაციური ბუნება. შესაბამისად, სანქციებზე დღეს ანალოგიური საუბარი არის მსგავსი ტიპის შეცდომა, რაც დაშვებული იყო 1991 და 2008 წლებში. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, იგივე შეცდომები არ იქნება დაშვებული, რაც შეიძლება, ნეგატიურად აისახოს საქართველოზე და საერთაშორისო საზოგადოებაზე და პოზიტიურად რუსეთზე, ეს არავინ არ უნდა დაუშვას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ