left_sabechdi

აშშ-ის კონგრესმა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება კონგრესმა სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებაზე ორდერის გაცემის გამო მიიღო. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ასევე სასამართლომ ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების დაპატიმრების ორდერიც გასცა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს 247-მა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა, ხოლო 155-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საკუთარ უფლებამოსილებას გასცდა და ძალზე საშიში პრეცედენტი შექმნა“ – განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკკოლმა.

ჯერჯერობით გაუგებარია, რა პოზიციას დაიჭერს ამ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი ბაიდენი. ბაიდენის ადმინისტრაცია კანონის წინააღმდეგია, მაგრამ ვეტოს დადების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არსებობს ისრაელის დაცვის უფრო ეფექტიანი მექანიზმები.

ასევე მაღალია იმის ალბათობა, რომ კანონს მხარს არ დაუჭერს სენატი, სადაც, წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით, უმრავლესობას „დემოკრატები“შეადგენენ.

„კარგი იქნებოდა, რომ რესპუბლიკელებს ჩვენთან უფრო მჭიდროდ ემუშავათ და შედეგად ორპარტიული კანონი მიგვეღო“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის წევრმა დები ვასერმან-შულცმა. მისი აზრით, ჰააგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილების გამო უდავოდ პასუხი უნდა აგოს.

დემოკრატ კონგრესმენს გრეგორი მიქსს მიაჩნია, რომ კონგრესის მიერ მიღებული კანონი ძალზე საშიშია, რადგანაც მას შეიძლება აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერთა წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს.

ასევე იხილეთ