left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესში გამართულ მოსმენაზე: ეს იყო სპექტაკლი, იმიტომ რომ მთხრობელები იყვნენ ყოფილები, მათი პასუხისმგებლობა იყო მხოლოდ ის, რომ პატრონების მიერ დაკვეთილი და დაწერილი სცენარი შეესრულებინათ

„კონგრესში გამართული მოსმენა იყო სპექტაკლი, იმიტომ რომ მთხრობელები იყვნენ ყოფილები, მათი პასუხისმგებლობა იყო მხოლოდ ის, რომ პატრონების მიერ დაკვეთილი და დაწერილი სცენარი შეესრულებინათ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მან აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არის იმ სცენარის გაგრძელება, რომელიც ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ომში ჩართვას და იმ ხელისუფლების შეცვლას, რომელიც არ არის მორჩილი და რომელიც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

„ვიდრე თემებში შევიდოდეთ, მინდა კიდევ ერთხელ გავაჟღერო ჩვენი გუნდის პრინციპული პოზიცია: ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანა გაეხვას დესტრუქციაში, და მითუმეტეს ომში; ქვეყანაში ვერ შედგება ვერც მაიდანიზაცია და ვერც ვერანაირი რევოლუცია, რამეთუ ეს იქნება წინაპირობა ომისა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში ომის მომხრეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მშვიდობის მსურველი, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ ურთულეს ვითარებაში საქართველო, რომელსაც მეორე ფრონტის როლი ჰქონდა, დაგვეხსნა ამ მძიმე განვითარებისაგან, თუმცა დღესაც ეს თემა ისევ აქტუალურია. მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, [ვნახეთ] გუშინდელი სპექტაკლი კონგრესში და სამწუხაროა, რომ ეს ხდება ვაშინგტონში. ეს იყო სპექტაკლი, იმიტომ რომ მთხრობელები იყვნენ ყოფილები, მათი პასუხისმგებლობა იყო მხოლოდ ის, რომ პატრონების მიერ დაკვეთილი და დაწერილი სცენარი შეესრულებინათ. ასევე ამ სპექტაკლის მონაწილე იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული პოლიტიკოსი – შალვა ნათელაშვილი. ვფიქრობ, თუნდაც ოპოზიციაში თუნდაც 1%-ით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსები მოიძებნებიან. მეტი ობიექტურობისთვის ალბათ ჯობდა, რომ ელჩი ყოფილიყო იქ ან სხვა რომელიმე წარმომადგენელი და არა ისე, რომ ეს სპექტაკლი ცალი კარის თამაშის პრინციპით ყოფილიყო. ისევ გაიჟღერა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, არადა ეს დადგმული სცენარი მთელმა მსოფლიომ ნახა და თავად სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ არავითარ წამებას იქ ადგილი არ აქვს და მისი უფლებები დაცულია. ისევ გაიჟღერა, რომ თურმე ჩვენ მაიდანიზაციის მოლოდინი უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ უკრაინაში ორი რევოლუცია იყო წინაპირობა იმისა, რომ იქ დემოკრატია აღმავალია და თურმე დღეს განვითარების გზაზეა უკრაინა. არადა, ჩვენ ვხედავთ, რა უმძიმესი ვითარებაა დღეს უკრაინაში: თითქმის 12 მილიონი ადამიანი გასულია ქვეყნიდან როგორც ლტოლვილი, ასობით ათასი ადამიანია დახოცილი და ათასობით ბავშვია გარდაცვლილი“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ასევე იხილეთ