დიმიტრი ხუნდაძე: რატომღაც ჩვენ გვესმის მორჩილების მოთხოვნა, რომ „კუბილიუსმა თქვა“, „ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა“ და „სახელმწიფო დეპარტამენტი დაგვპირდა სანქციებს“ – ასეთი ზეწოლა ჩვენზე ეფექტური და შედეგის მომტანი ვერ იქნება
„პრიორიტეტიზაცია უკრაინიზაციისა და მაიდნის ჩვენ ვნახეთ ვაშინგტონში, კონგრესის დარბაზში, რომ თითქოს, ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება ობიექტურად, სამართლიანად და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რევოლუცია. თუ ისინი იმდაგვარ გაყალბებას გულისხმობენ, რაც „ისფედმა“ ჩაიდინა, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, „ისფედი“ იყო სწორედ დასავლეთიდან დაფინანსებული”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მოგვიანებით „ისფედმა“ აღიარა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ეს თაღლითური მცდელობა გაშიფრა.
ხუნდაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი არეულობის მცდელობა ბოლო პერიოდში მათ რუსთაველის გამზირზე იხილეს.
„ჩვენ ვნახეთ მცდელობები დედაქალაქის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, რუსთაველზე, როდესაც ფაქტობრივად, უცხო ქვეყნის ინტერესების ველად იქცა პოლიტიკური მოედანი, სადაც ჩემი თაობის წარმომადგენლები, ჩემი მშობლებისა და კიდევ უფროსი თაობის წარმომადგენლები ყოველთვის ითხოვდნენ დამოუკიდებლობას და რატომღაც ჩვენ დღეს გვესმის მორჩილების მოთხოვნა, რომ „კუბილიუსმა თქვა“, „ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა“ და „სახელმწიფო დეპარტამენტი დაგვპირდა სანქციებს“. რა თქმა უნდა, ასეთი ზეწოლა მათთვის ეფექტური და შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს. ასე, რომ ჩვენს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ინტერესებს და მით უმეტეს საზოგადოების უსაფრთხოებას არ ვცვლით ავიაბილეთებსა და სხვა პრივილეგიებში“, – განაცხადა ხუნდაძემ.
„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა: „თუ არჩევნები მასიურად გაყალბდება, საქართველოში შესაძლოა, როგორც უკრაინაში, ფერადი რევოლუცია მოხდეს“.
მოსმენაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა,რომ „ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია და მას საშინლად ეპყრობიან“.