leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. ყოველწლიური ფორუმი ამჯერად სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი, მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიმართა.

ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,  სხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მუნიციპალიტეტების, აკადემიური წრეების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ლევან დავითაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს თემები: ჯანსაღი ქალაქი, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ჭკვიანი ინიციატივები და სუპერბლოკები, მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მდგრადი ტურიზმის განვითარების მახასიათებელი და ინდიკატორი, ეკო-ტრანსპორტის განვითარება და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტი-კატასტროფების რისკების შემცირება, უნივერსალური დიზაინის მნიშვნელობა ინკლუზიური ტურიზმის და არქიტექტურის განვითარებაში, ცირკულარული ეკონომიკა მდგრადი განვითარებისთვის, სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, მწვანე შენობა და ინფრასტრუქტურა და სხვა. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას, მოსახლეობის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ სიჯანსაღეს.

ასევე იხილეთ