left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: რეგიონში, EU წევრობის კანდიდატებს შორის საქართველო ერთადერთი „უმაღლესი კატეგორიის თავისუფალი ქვეყანაა“ და მას ეს ხარისხი ამერიკა/ევროპამ მიანიჭა

„ეს შეფასება ჩვენ იმავე დასავლეთმა მოგვანიჭა, რომელიც პარალელურად საქართველოს სანქციებს უწესებს და შემდგომი სანქციებით ემუქრება“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ საქართველოს მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელებას.

ქართველიშვილი ასევე აქვეყნებს „ატლანტიკური საბჭოს“ რეიტინგის ამსახველ მსოფლიო რუკას, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებზეა.

„ამ რუკაზე საქართველოს თავისუფლად იპოვით: ერთადერთი მწვანე წერტილია „არათავისუფალ“ უზარმაზარ გარემოში. ფაქტობრივად ოაზისია უდიდეს უდაბნოში. პარადოქსი რაშია იცით? რეგიონში, EU წევრობის კანდიდატებს შორის საქართველო ერთადერთი „უმაღლესი კატეგორიის თავისუფალი ქვეყანაა“ – და მას ეს ხარისხი ამერიკა/ევროპამ მიანიჭა.

ანუ ეს შეფასება ჩვენ იმავე დასავლეთმა მოგვანიჭა, რომელიც პარალელურად საქართველოს სანქციებს უწესებს და შემდგომი სანქციებით ემუქრება. გამოდის, რომ საქართველოს სწორედ იმ ოაზისისთვის სჯიან, სადაც სიმართლის წყაროდან შეგიძლია სიცრუით გამოწვეული წყურვილი მოიკლა; სადაც უსამართლობის მზით შეწუხებულს, სუვერენიტეტის მაცხონებელ ჩრდილში შეგიძლია დაისვენო. მაგრამ აი ზუსტად ამ ოაზისისთვის გვსჯიან.

უდაბნო, თუკი უჩვენოდ და არანაირი ოაზისი თქვენს ხელში – ესაა მათი ვერდიქტი, რომელსაც ჩვენი სამშობლო ვერ ეგუება და რომელსაც „ატლანტიკური საბჭოც“ კი ეწინააღმდეგება თავისი შეფასებით, რამდენადაც არ უნდა უნდოდეს ეს მას შინაგანად…“, – წერს ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ