გიორგი კახიანი სავიზო შეზღუდვებზე: არ იყო სწორი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ ამ ვითარებაში უნდა გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მდგომარეობის ნორმალიზებას მოახდენდა
„არ იყო სწორი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ ამ ვითარებაში უნდა გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მდგომარეობის ნორმალიზებას მოახდენდა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა აშშ-ის მხრიდან დაწესებული სავიზო შეზღუდვების შესახებ.
კახიანმა იგივე გადაწყვეტილებას უსამართლოც უწოდა.
„არ იყო სწორი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ ამ ვითარებაში უნდა გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მდგომარეობის ნორმალიზებას მოახდენდა იმიტომ, რომ ეს არის როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ბუნებრივია, ურთიერთობების ნორმალიზება და კიდევ უფრო გაღრმავება ორივე მხარის ინტერესში უნდა იყოს. იმავდროულად, ვფიქრობ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ამ ხნის – სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში საქართველომ ერთგულებისა და ნდობის მეტი, მგონი, არაფერი დაიმსახურა ჩვენი პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.