საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელიც ფრედ დასრულდა – 0:0.
„ისეთ კომპაქტურად მოთამაშე და მებრძოლ გუნდთან, როგორიც ყაზახეთის ნაკრებია, გაგვიჭირდა და ამით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ამ შეკრებაზე გვაინტერესებდა თამაშის ხარისხი და ახალი ფეხბურთელების ნახვა.
მთლიანობაში შეკრებას დადებითად შევაფასებ, რადგან შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს თამაშებამდე, რომლებიც შემოდგომაზე გვაქვს, ეს ბოლო შეკრება იყო. ჩვენი მიზანი პლეიოფის საგზურის მოპოვებაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება.
სამწუხაროდ, ლეგიონერების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ეს კი ჩვენი გუნდის თამაშს დაღს ასვამს. ამას გარდა, ყაზახეთთან იყო მომენტები, როცა ფეხბურთელები ზედმეტად იყვნენ დაკავებული ინდივიდუალური მოქმედებებით, ჩვენ კი უფრო გუნდური თამაში გვმართებდა და ამ თემაზე ბიჭებთან მატჩის შემდეგ უკვე ვისაუბრე. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ და დარწმუნებული ვარ, შემოდგომისთვის ბევრი რამ გამოსწორდება“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოლდოვასა და ნიდერლანდებთან უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილზეა და მესამეადგილოსანშვედეთს სამი ქულით ასწრებს.