ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სავიზო შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება“, რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან.
„ჩვენზე ზემოქმედების ათასი ვერსია შეიძლება მოიფიქროს ნებისმიერმა ქვეყანამ. განვლილმა პერიოდმა და ამ დემონსტრაციებმაც ალბათ ყველას ნათლად დაანახა, რომ აქ არ არის საქმე ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის მიღება-არმიღებაში. აქ არის იმაზე, რამდენად ვმართავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ფაქტობრივად პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება“, რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან, მათ შორის ომისგან. ყველამ კარგად დაინახა, რომ ომის რისკი რეალური იყო და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით იქნა აცილებული“, – აღნიშნა წილოსანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.