გიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაცია მთელ ძალისხმევას დებს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
“ადმინისტრაცია მთელ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები დაიგეგმოს, მომზადდეს და ჩატარდეს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქოს არჩევნებით მანიპულირება შესაძლებელია. ადმინისტრაცია მთელ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები დაიგეგმოს, მომზადდეს და ჩატარდეს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამისთვის უპირველესი და მთავარი არის ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობითა და საჯაროობით წარმართვა. ჩვენთვის საზოგადოების დროული და ოპერატიული ინფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
როგორც დემოკრატიის კეთება არის საერთო საქმე, ასევე საერთო საქმეა არჩევნების ადმინისტრირება, ჩატარება. ეს უნდა იყოს ყველა მხარის საერთო ინტერესი, რადგან ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აქვს პირდაპირი თუ ირიბი პასუხისმგებლობა ამ პროცესთან მიმართებაში.
ისეთი ტიპის ტენდენციებმა, რომელშიც იკითხება გარკვეული მიზნები საარჩევნო პროცესის დაზიანების, შეიძლება საზოგადოება მიიყვანოს უნდობლობამდე და ამ პოლარიზებულ გარემოში დამატებით ასეთი ტიპის ინტერვენციები სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან შეიძლება განვიხილოთ, როგორც საარჩევნო გარემოს დამაზიანებლად“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.