საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ავსტრიაში შეკრებასა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ჩემპიონატი ნაადრევად დავასრულეთ. თუმცა, ჩვენც, ვისაც სეზონი შედარებით ადრე დაგვიმთავრდა, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით.
ვფიქრობ, კონდიციები აღვიდგინეთ და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.
შედეგებიდან გამომდინარე, კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და განსაკუთრებით ნაკრებში. ახლა, იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.
ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება ვინ იქნება უკეთ მომზადებული”, – ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.