left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძემ სინგაპურისა და მალაიზიის კვლევით ცენტრებში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიასა და სინგაპურში იმყოფებოდა, სადაც წამყვან კვლევით ორგანიზაციებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ მისი მოხსენების მოსმენა გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის საერთაშორისო სწავლებების სკოლისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს და მკვლევარებს ეწვია. ასევე გამართა საჯარო ლექცია მალაიის უნივერსიტეტის ევროპა-აზიის ინსტიტუტში.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკაზე. ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

განხილვის თემებს წარმოადგენდა რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები და დიდი სახელმწიფოების გავლენები, აგრეთვე სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოების საკითხები.

ასევე იხილეთ