ირაკლი ზარქუა: ამდენი ხანია, გვემუქრებიან და სად არის ეს გვარები და სახელები, ჩამონათვალი ხომ უნდა ყოფილიყო?
„ამდენი ხანია, გვემუქრებიან და სად არის ეს გვარები და სახელები, ჩამონათვალი ხომ უნდა ყოფილიყო. უცხო ქვეყნებში ვინც დაასანქცირეს, კონკრეტული გვარები იყო მითითებული, ჩვენთან მოერიდათ?” – განაცხადა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებზე საუბრისას.
„როდესაც მათ უსაფუძვლოდ ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს, გვარები, სახელები და ოჯახის წევრები ჩამოთვლილი იყო. ამდენი ხანია, გვემუქრებიან და სად არის ეს გვარები და სახელები, ჩამონათვალი ხომ უნდა ყოფილიყო. უცხო ქვეყნებში ვინც დაასანქცირეს, კონკრეტული გვარები იყო მითითებული, ჩვენთან მოერიდათ? არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, ეს მერე გაირკვევა, მაგრამ მოცემული მომენტისთვის რასაც ვხედავთ, არის ძალიან ცუდი, მიუღებელი, როგორ ხდება დევალვაცია იმ ღირებულებების, რისკენაც მივისწრაფოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამიტომ მგონია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი, შეუფერებელი ამერიკის მოსახლეობისთვის, რომ ის იყოს ხელისუფლებაში. ვთქვი კიდეც, რომ დიახ, ტრამპი იქნება ის პირი, რომელიც დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს და ამ სამარცხვინო ქმედებებს წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, ვინ იქნება შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, საქართველოს ხელისუფლების მიზანი უცვლელი დარჩება.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა – მშვიდობისა შენარჩუნება, ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და ევროინტეგრაცია. ჩვენ არ გვინდა ომი, ვერ გავაგებინეთ, რომ ომში ჩართვა არ არის ქართველების ინტერესში. არც ლგბტ პროპაგანდაა ქართველი მოსახლეობის ინტერესში. ამაზე მკაფიო უარი მიიღეს. ამიტომაც არის, რომ მხოლოდ ეს უსამშობლოები, რომლებიც ყველაფერზე აწერენ ხელს, ესახება პარტნიორად იმ გლობალური ომის პარტიას და რამენაირად უნდა, რომ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოიყვანოს. ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.