„ბიბისი“: ისრაელის სამხედროების მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს, ნუსეირათის ბანაკში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში, პროვინცია დეირ-ელ-ბალაჰში გაშლილ ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირათში, ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ოპერაციის შედეგად, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს.
„ბიბისი“ წერს, რომ ორ საავადმყოფოში – „ალ აქსასა“ და „ალ ავდაში“ ათობით დაშავებული შეიყვანეს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედია იტყობინება, რომ ოპერაციის დროს 210 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვები არიან.
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა, რომ მოხდეს ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული იერიშის განხილვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა შორის არიან – 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი.