ნიკა კვეკვესკირი: ვიტყოდი, რომ რაღაც ტვირთი ჩამოვიხსენით. ქართული ფეხბურთი აღარ ასოცირდება დამარცხებასთან
„ბევრი ემოცია იკვეთება ერთმანეთში – ბედნიერება, სიხარული, ქართველი ხალხის გამარჯვებული თვალების დანახვა, რომ აი, როგორც იქნა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, დიდ გამარჯვებას მიაღწია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში”, – ასე იხსენებს ნიკა კვეკვესკირი იმ ემოციებს, რომლებიც 26 მარტს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისას ჰქონდა.
„იმედის კვირასთან“ ინტერვიუში გადამწყვეტი გოლის ავტორი ამხელს რა გრძნობები ჰქონდა, როდესაც საბერძნეთის ნაკრების კარში 11-მეტრიანს ურტყამდა.
„ვიტყოდი, რომ რაღაც ტვირთი ჩამოვიხსენით. ქართული ფეხბურთი აღარ ასოცირდება დამარცხებასთან. როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება ფეხბურთში და ზოგადად ცხოვრებაში, გამოცდილმა ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მე პირადად როგორც ფეხბურთელი, როგორც ადამიანი პასუხისმგებლობას ვუყურებ როგორც პრივილეგიას და არა როგორც ტვირთს. მგონია, რომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობა რომ დაიმსახურო, ამისათვის საჭიროა ძალიან დიდი გზის გავლა. გუნდი უნდა გენდოს და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. ვილი სანიოლს ჩემგან მხოლოდ მადლობა ეკუთვნის იმისთვის რომ მენდო.
არ ვიცი გული უგრძნობდა თუ არა მწვრთნელს. მე საერთოდ არ ვიცი ვგრძნობდი თუ არა გულს საერთოდ. წამი თუ წამის მეასედები იყო, როდესაც საქართველო იყო ყველაზე ჩუმი – სანამ დარტყმას შევასრულებდი და ყველაზე ხმაურიანი, როდესაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა“, – ამბობს კვეკვესკირი.