„დოიჩე ველე“: ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა
ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანულ მაუწყებელ „ARD“-ზე დაყრდნობით, „დოიჩე ველე“ წერს, რომ პირველ ადგილზეა კონსერვატიული პარტია, ხმათა 29,5%-ით, ხმათა 16,5%-ით მეორე ადგილი დაიკავა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 14 პროცენტი დააგროვა.
„სოციალ-დემოკრატების“ გარდა, გერმანიის მმართველ კოალიციაში შედის კიდევ ორი პარტია, რომლებმაც ხმების დაბალი პროცენტი მიიღეს. კერძოდ, „მწვანეებმა“ ხმათა დაახლოებით 12%, „ლიბერალურმა თავისუფალმა დემოკრატებმა“ (FDP) კი, 5 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა.