leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე: შეიმჩნევა ევროპელი ამომრჩევლის გარკვეული გაღიზიანება დღეს არსებული პოლიტიკით და გადატვირთვის მცდელობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს აფასებს.

დეპუტატი ამბობს, რომ ევროპელ ამომრჩეველზე გავლენა ვიოლა ფონ კრამონის და მისი გუნდის არასწორმა პოლიტიკამ იქონია, რაც თავად კრამონმაც აღიარა.

სოზარ სუბარის განმარტებით, არასწორ პოლიტიკაში რუსეთ-უკრაინის ომი, ამ ომის მიმართ ევროპის დამოკიდებულება და ზოგადად გლობალური ომის პარტიის პოლიტიკა იგულისხმება.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ძალები ისევ უმრავლესობაში არიან, შემჩნევა ხალხის გაღიზიანება, თან იმ ფონზე, როდესაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში არჩევნებია დანიშნული.

„სხვათა შორის, ევროპულ არჩევანზე გავლენა მოახდინა ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელმაც თქვა, რომ ძალიან ბევრმა უთხრა საარჩევნო კამპანიის დროს, რომ პრობლემა იყო არა პუტინში, არამედ შეერთებულ შტატებში, მათი დაზვერვის სამსახურსა და CIA-ში. ანუ ვიოლა ფონ კრამონმა თქვა – იმიტომ წავაგე არჩევნები, რომ არასწორ გათვლებს ვაკეთებდითო.

ლაპარაკია პრაქტიკულად რუსეთ-უკრაინის ომზე, ამ ომის მიმართ ევროპის პოლიტიკაზე და ზოგადად გლობალური ომის პარტიის პოლიტიკაზე, რომლის ერთ – ერთი მხარდამჭერი იყო ვიოლა ფონ კრამონი და მისი ეს პოლიტიკა, საქართველო მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. სწორედ ამაზე გაგვცა პასუხი ევროპელმა ამომრჩეველმაო – ეს თვითონ აღიარა.

მთლიანობაში, არჩევნები იყო ზუსტად ისეთი, როგორიც მოსალოდნელი იყო. მოხდა სერიოზული ცვლილება, წამყვანი ძალები ისევ დარჩნენ უმრავლესობაში, თუმცა შეიმჩნევა ევროპელი ამომრჩევლის გარკვეული გაღიზიანება დღეს არსებული პოლიტიკით და გადატვირთვის მცდელობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. რადგან დაინიშნა არჩევნები საფრანგეთში, ბელგიაში, შემოდგომაზე არაერთ ქვეყანაშია არჩევნები, მათ შორის, ისეთ სერიოზულ ქვეყნებში, როგორიც არის ავსტრია, სადაც იმარჯვებენ კონსერვატიული ძალები. ასევე თვითმმართველობის არჩევნებია გერმანიაში, სადაც სერიოზული წარმატების იმედი უნდა ჰქონდეს „ალტერნატივა გერმანიაში“-ს, მით უმეტეს იმ ფონზე, რა წარმატებასაც მათ ევროპარლამენტში მიაღწიეს. ეს პარტია იყო გამოცხადებული ფაშისტურ და ექსტრემისტულ პარტიად, ამ დროს არაფერი ფაშისტური არ აქვს.

ისინი ამბობენ – დავიცვათ ჩვენი სამშობლოო და ამას რატომ უნდა დაარქვა ფაშიზმი? მით უმეტეს იმ კრიმინალის ფონზე, რაც არის არალეგალური მიგრაციისგან. ეს წარმატება ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს თვითმმართველობების დონეზე. რაც შეეხება საფრანგეთს, როგორც ჩანს მაინც იჩქარა მაკრონმა. თვითონ პრეზიდენტია, როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, მას ვერ შეეხება და უბრალოდ იფიქრა – ახლა დროზე თუ იმოქმედებს, შეიძლება გარკვეული ბერკეტები უფრო ამუშავდეს, ვიდრე ვთქვათ, რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა მის პარტიას შეიძლება კიდევ უფრო გაუჭირდეს რაიმე წარმატების მიღწევა. მაინც მგონია, რომ ამ წარმატებით გულმოცემული კონსერვატორი ამომრჩეველი, სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს საფრანგეთის საპარლამენტო ცხოვრებაში და შემდგომ, შეიძლება მის პოლიტიკაშიც“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე იხილეთ