შალვა პაპუაშვილი: საბოლოოდ დადასტურდა, რომ ნინო ლომჯარია იყო პოლიტიკოსი, რომელმაც ზიანი მიაყენა სახალხო დამცველის ინსტიტუტს
„საბოლოოდ დადასტურდა, რომ ნინო ლომჯარია იყო პოლიტიკოსი, რომელმაც ზიანი მიაყენა სახალხო დამცველის ინსტიტუტს, ვინაიდან მოახდინა ამ ინსტიტუტის პოლიტიზება, დაუკარგა მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„ვამბობდით, რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია სახალხო დამცველობის დროს იყო პოლიტიკურად მიკერძოებული პირი. მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მას, დადასტურდა, რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია ტყუილ დასკვნებს დებდა სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორც იცით, სახალხო დამცველობის დროს, მისი დასკვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ ის საჭიროებს „ვივამედის“ კლინიკიდან სხვაგან გადაყვანას ან უცხოეთში გაგზავნას. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მაშინდელი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია იტყუებოდა. მიუხედავად ამ ტყუილისა და პოლიტიზებისა, ვიცით, რომ მას რამდენიმე ჯილდო მიენიჭა საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ამ ჯილდოებმაც ზიანი მიიღეს, როდესაც იმ ადამიანს მიენიჭა, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერის გამო ტყუილ დასკვნებს დებდა. ახლა საბოლოოდ დადასტურდა, რომ ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც ზიანი მიაყენა სახალხო დამცველის ინსტიტუტს, ვინაიდან მოახდინა ამ ინსტიტუტის პოლიტიზება, დაუკარგა მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს იმ ადამიანის სიტყვას, რომელიც სტრასბურგმა ამხილა ტყუილში?!“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.