შალვა პაპუაშვილი: ყველა „ენჯეომ“ ბოდიში მოიხადონ იმ კამპანიისთვის, რომელიც მათ უცხოური ფულით აწარმოეს ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ
„ყველა ის „ენჯეო“, უცხოელი აქტორები ან სხვები, რომლებიც დღეს ამტკიცებენ, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული, და ითხოვენ „ვეტინგს“, ჯერ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმ კამპანიისთვის, რომელიც მათ უცხოური ფულით აწარმოეს ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ტყუილია, თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს „ვეტინგის“ სისტემის ჩატარებას. სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითს სახავენ ალბანეთს, უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით. ნახეთ ნებისმიერი ანგარიში სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით, როგორია კორუფციის დონე, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვა სტრუქტურებში; როგორია ფინანსების გამჭვირვალობა, მათ შორის „ვეტინგი“ ძირითადად ეხება ქონების გადამოწმებას. ჩვენთან ქონების გადამოწმება ხორციელდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, დეკლარაციების მეშვეობით. მათ შორის მოსამართლეებიც ავსებენ ამ დეკლარაციას. დღესაც ამ მონიტორინგში მოხვედრილია იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი და 26 მოსამართლე, რომლებიც ამ წელს გაივლიან მონიტორინგს. მათი ქონება, შემოსავალი და გასავალი დაექვემდებარება მონიტორინგს, ისევე როგორც ეს იყო შარშან. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. მათ შორის ამ კამპანიისთვის გამოიყენებოდა ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები. ფილმები იყო გადაღებული სპეციალურად იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარათ და სახელი გაეტეხათ ქართული მართლმსაჯულებისთვის. სამწუხაროდ, დონორების ფულის ნაწილს ზოგიერთი „ენჯეო“ ხარჯავდა ქართული მართლმსაჯულებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. ყველა საქმეში, რომელსაც ასახელებდნენ პოლიტიკური მართლმსაჯულებისა თუ კორუფციის მაგალითად, გამართლდა ქართული მართლმსაჯულება და გამტყუნდა ყველა ის „ენჯეო“ თუ უცხოელი აქტორი, რომელიც აბრალებდა ქართველ მოსამართლეებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ესაა „რუსთავი 2“-ის საქმე, მელიას საქმე, ახალაიას საქმე, სააკაშვილის საქმე – ყველა ამ საქმეზე წლების განმავლობაში მიდიოდა კამპანია. „რუსთავი 2“-ის საქმეზე 5 წელი მიდიოდა „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით შავი პიარი სასამართლოს წინააღმდეგ. მოსამართლეებს პირდაპირ თავს ესხმოდნენ როგორც მოპასუხე ნიკა გვარამია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. 5 წლის თავზე სტრასბურგამდე მივიდა ეს საქმე და სტრასბურგმა თქვა, რომ ნიკა გვარამია ცდილობდა მედიის გამოყენებით ზეგავლენა მოეხდინა და ჩარეულიყო მართლმსაჯულებაში და ეს იყო მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ამიტომ ყველა ის „ენჯეო“, უცხოელი აქტორები ან სხვები, რომლებიც დღეს ამტკიცებენ, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული, და ითხოვენ „ვეტინგს“, ჯერ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმ კამპანიისთვის, რომელიც მათ უცხოური ფულით აწარმოეს ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ბოდიში მოუხადონ ყველა მოსამართლეს, რომელსაც აბრალებდნენ კორუმპირებულობას, პოლიტიზებას და ა.შ. ყველა ამ „ენჯეომ“, ოპოზიციამ, უცხოელმა აქტორმა და ზოგიერთი საელჩოს წარმომადგენელმა ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართველ მოსამართლეებს და შემდეგ ილაპარაკონ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ქართულ სასამართლოში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.